თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ დედაქალაქის ყველაზე ექსტრავაგანტური კომპოზიცია – რიყის პარკში მდებარე ე.წ. „რიყის დოქები“ ელექტრონულ აუქციონზე მეხუთედ გაიტანა.
პირველად აუქციონი 2020 წლის 5 თებერვალს გამოცხადდა. მაშინ ცილინდრის მსგავსი ორი ნაგებობისგან შექმნილი კომპოზიცია 95 მლნ ლარად იყო შეფასებული. დღეს კი მისი ღირებულება 30 მლნ ლარია.
აუქციონი 12 იანვრამდე გაგრძელდება.
აუქციონის პირობებში გაწერილია, რომ მიწის ნაკვეთი დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცულ ზონაში მდებარეობს. შესაბამისად, ტერიტორიის განვითარების კონცეფცია შეთანხმებული უნდა იყოს ქალაქის მერიასთან არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.
"რიყის დოქები"
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
გარდა ამისა, აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ხუთი წლის განმავლობაში უნდა შექმნას მუზეუმისთვის, საგამოფენო ან საკონფერენციო დარბაზისთვის სივრცე.
ობიექტის საერთო ფართობი, მიწის ნაკვეთთან ერთად, 14.591 კვადრატული მეტრია.
კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ ნაგებობას წარმოადგენს. მის შიგნით დაგეგმილი იყო მუსიკალური თეატრის და საგამოფენო დარბაზის მოწყობა. ფორმის გამო თბილისელები მათ „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ.
პროექტი 75 მლნ ლარი დაჯდა. მისი მშენებლობა 2012 წელს დასრულდა და დღემდე არ ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა უფუნქციოა, „რიყის დოქები" 2016 წელს მსოფლიოს საუკეთესო და ორიგინალური ნაგებობების ათეულში მოხვდა.