საზარელი ავარია ქობულეთში: არიან დაღუპულები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ქობულეთის შემოვლით გზაზე ძლიერი ავარია მოხდა, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეარხის ინფორმაციით, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ექვსი ადამიანი, აქედან ოთხი მოზარდია.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული მოზარდები ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ორი ზრდასრული – ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში.
მათივე ცნობით, სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ორი ადამიანი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა, მათგან ერთ-ერთი ბავშვია.

„კლინიკაში ოთხი ბავშვი შემოიყვანეს. სამი მათგანი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათ სხვადასხვა დაზიანება აქვთ. ერთი ბავშვი გადაუდებელ განყოფილებაში იმყოფება. თავს კარგად გრძნობს. როგორც ვიცით, ბავშვები ერთი ოჯახის წევრები არიან“, – განაცხადეს კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.