თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. დღეს ჟურნალისტებთან ტარიფებზე ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა დავით ნარმანიამ.
ნარმანიას თქმით, ელექტროენერგიის ტარიფების მატება ახალი წლიდან არ იგეგმება.
„ძალიან ხშირია სხვადასხვა პირის მიერ ტარიფების თემით სპეკულაცია... ტარიფების ცვლილებასა თუ კომისიის ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ყოველთვის აქვს ინფორმაცია სემეკიდან“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ნარმანიამ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს მოქალაქეებს კომპანიებისგან უსაფუძვლოდ დარიცხული 3 მილიონ ლარზე მეტი ჩამოეწერათ სემეკის ხელშეწყობით. ამავე დროს კომპანიებმა სხვადასხვა მომსახურების სტანდარტის დარღვევის გამო მომხმარებლებზე 300 ათას ლარამდე კომპენსაცია გასცეს.
საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი ბოლოს 2021 წლის 1 იანვარს გაიზარდა.
სემეკის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსახლეობისთვის ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრით გაიზარდა და კვტ/სთ-ზე საშუალოდ 26,537 თეთრი შეადგინა.