დაფიქრდით, ვიდრე თევზს იყიდით! – თბილისში ობიექტი დალუქეს

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. წინასადღესასწაულო პერიოდში სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ახორციელებს კვების პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებისა და სხვადასხვა პროფილის ბიზნეს-ოპერატორების კონტროლს.
სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში მდებარე თევზის სარეალიზაციო ერთ-ერთ ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
უწყების ინფორმაციით, თევდორე მღვდლის N27-ში მდებარე თევზის მაღაზია Mfood-ში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები იქნა გამოვლენილი, რის გამოც ბიზნეს-ოპერატორი დაჯარიმდა და ყველა დარღვევის გამოსწორებამდე საწარმოო პროცესიც შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ინსპექტორები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ.