თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას წარედგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, 26 დეკემბერი სსრკ-ის დაშლის დღედ უნდა გამოცხადდეს.
კანონპროექტის ინიციატორია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ბორის ჩერნიშოვი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის მთავარ გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიიჩნევს.
როგორც ბორის ჩერნიშოვმა თქვა, „ერთად ბევრად უკეთესი იყო“, ხოლო სახელმწიფოს არსებობის დასრულებამ ტრაგედია გამოიწვია.
„ადამიანებმა, ვინც უღალატეს, მოატყუეს ჩვენი მოქალაქეები, დანაშაული ჩაიდინეს. საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაუდევრობა აისახა იმაში, რომ გაიზარდა კრიმინალი, მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური, გაძლიერდა ეთნიკური კონფლიქტები, დაიწყო ხალხთა კიდევ ერთი დიდი მიგრაცია – რუსები განდევნეს ეროვნული რესპუბლიკებიდან, დაიკარგა ტერიტორიული მთლიანობა“, — განაცხადა ჩერნიშოვმა.
პოლიტიკოსის თქმით, მთავარი დასკვნა ისაა, რომ ყველამ გაიაზრა, რომ ქვეყნის დაშლა კვალს ტოვებს თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე და თუ დავივიწყებთ იმ შედეგებს, რაც ქვეყნის დაშლას მოჰყვა, „მაშინ ჩვენ უსასრულოდ მივიღებთ ამის პასუხებს“.
„ეს არის ისტორიული გაკვეთილი, რომელიც უნდა გვახსოვდეს. სახელმწიფოსადმი დაუფიქრებელი, დაუდევარი მოპყრობით ერთ დღეში ვკარგავთ აბსოლუტურად ყველაფერს. ეს იქნება სიგნალი, როდესაც სახელმწიფო ამბობს: არ უნდა დავივიწყოთ არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის დიდებული ფურცლები, არამედ მძიმე მომენტებიც. ეს გაკვეთილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავისწავლოთ, რადგან არავინ იცის, ვინ და როგორ უხელმძღვანელებს ჩვენს ქვეყანას 5, 10, 20 თუ 30 წლის შემდეგ. ხომ არავის უწინასწარმეტყველებია, რომ რუსეთის იმპერია, საბჭოთა კავშირი ერთ ღამეში დაიშლებოდა. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს გაკვეთილი სამუდამოდ ვისწავლოთ“, — დარწმუნებულია ბორის ჩერნიშოვი.