გიორგი სააკაძის ცხოვრების ამბები, რომლის მოღვაწეობაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკასთან და ღრმა კვალიც დატოვა XVII საუკუნის საქართველოს, ოსმალეთისა და სპარსეთის ისტორიაში, ქართულ, რუსულ, ოსმალურ და სპარსულ წყაროებშია ასახული. მაგრამ ის, რაც დელა ვალეს ანალებშია აღწერილი, მართლაც ფასდაუდებელია.
იტალიელმა მოგზაურმა პიეტრო დელა ვალემ დიდი ხანი დაჰყო ირანში. სწორედ იქ გაეცნო სპარსეთში გადასახლებულ ქართველებს. მათი სილამაზით, გონებაგამჭრიახობითა და სიმამაცით მოიხიბლა და თავისი ემოციური დამოკიდებულება ქართველებისადმი შეულამაზებლად გადაიტანა საკუთარ ნაწერებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი ჩანაწერები მნიშვნელოვანი წყაროა ქართული ისტორიოგრაფიისათვის. რომ არა პიეტრო დელა ვალეს უნიკალური ჩანაწერები, XVII საუკუნის საქართველოს ბურუსით მოცული ეპოქის შესახებ ბევრს ვერ შევიტყობდით.
ევროპელი მისიონერი კარგად იცნობდა გიორგი სააკაძეს. უფრო მეტიც, იტალიელი მემატიანე ირანში ყოფნისას არაერთხელ შეხვედრია სამშობლოდან დევნილ და შაჰის სამსახურში ჩამდგარ ქართველ სარდალს. მათ შორის საკმაოდ გულღია საუბარიც არაერთხელ გამართულა, რამაც ასახვა ჰპოვა ევროპაში გაგზავნილ წერილებში, სადაც პიეტრო მის ფიგურას სულ სხვა კუთხით წარმოაჩენს.
დელა ვალე ვრცლად აღწერს დიდი მოურავის ფიქრებს, გეგმებს, ემოციებსა თუ იდეებს. მისი ჩანაწერები ამ დიდ ქართველს სულ სხვა პიროვნებად წარმოგვიდგენს — ამსხვრევს რა სააკაძის არაკეთილმოსურნეების მიერ შეთხზულ მითებს ეგოისტ, ბოროტ და სამშობლოს მოღალატე ფეოდალზე.
კერძოდ, იმ დროის ქართული არისტოკრატია ღიად სდებდა ბრალს სააკაძეს ქართლის მეფე ლუარსაბ მეორის მკვლელობაში. თითქოსდა თბილისის ყოფილმა მოურავმა, რომელიც სამშობლოდან 1612 წელს განდევნეს, შთააგონა შაჰ აბასს, სანამ ლუარსაბს თავიდან არ მოიცილებ, ქართლში სიმშვიდე არ იქნებაო.
იტალიელი მოგზაურის 1620 წლით დათაღირებულ ჩანაწერში კი გიორგი სააკაძე პირდაპირ მრისხანებს შაჰ აბასის სისხლიანი პოლიტიკის გამო და შურისძიებას აპირებს სპარსელებზე მისი სამშობლოს აოხრების, კანონიერი მეფის განდევნისა და მოკვლის გამო.
ამ ჩანაწერით მინიმუმ ორი რამ ირკვევა:
ქართლის მეფე 1620 წლისთვის უკვე გარდაცვლილი იყო (არადა, ქართული წყაროებით, ის შირაზის ციხეში 1622 წელს მოაშთვეს მშვილდის საბლით);
ეს საუბარი შემდგარა მარტყოფის ამბოხებამდე თითქმის 5 წლით ადრე, რითაც ცამტვერდება მითი იმის თაობაზე, თითქოს სააკაძემ აჯანყების გადაწყვეტილება საქართველოში სპონტანურად მიიღო.
სინამდვილეში დიდ მოურავს ყველაფერი დიდი ხნით ადრე ჰქონია მოფიქრებული, უბრალოდ ხელსაყრელ დროს ელოდა.
გიორგი სააკაძე არა მარტო იყო დიდი სარდალი, კარგი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ის პოლიგლოტიც ყოფილა, რომელიც კარგად ფლობდა რამდენიმე ენას. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ დიდი მოურავი თავისუფლად საუბრობდა სპარსულ და თურქულ ენებზე. გარდა ამისა, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, პიეტრო დელა ვალესა და გიორგი სააკაძის საუბრები სავარაუდოდ ერთ-ერთ ევროპულ (ფრანგულ ან იტალიურ) ენაზე მიმდინარეობდა. ევროპელმა მისიონერმა ქართული არ იცოდა, შაჰის მსტოვრებისგან თავის დაზღვევის მიზნით კი ისინი თურქულად და სპარსულად საუბარს მოერიდებოდნენ.
მოგვიანებით, 1627–1628 წლებში, უკვე ოსმალეთში მყოფი სააკაძე არაერთხელ შეხვდა ევროპელ დიპლომატებს (საფრანგეთის ელჩს, იტალიელ მისიონერებს) და ეს საუბარი ამ დიპლომატების მშობლიურ ენებზე წარმართულა. სავარაუდოა, რომ ქართველმა სარდალმა ევროპული ენები ყმაწვილკაცობაში შეისწავლა სტამბულში ყოფნისას, სადაც ის დატყვევებულ მეფეს სვიმონ პირველს ახლდა და იქ თითქმის სამი წელი დაჰყო. სტამბული კი სავსე იყო ათასი ჯურის ევროპელი ავანტიურისტებით.
1621 წლის 23 თებერვლით დათარიღებულ ჩანაწერში გიორგი სააკაძე პიეტრო დელა ვალეს სთავაზობს, რომ ევროპის უძლიერესი სახელმწიფოების მონარქებს მიაწოდოს ევროპის ქრისტიანული კავშირის შექმნის იდეა. მას მიაჩნდა, რომ ქრისტიანული ევროპის ერთ დიდ სახელმწიფოდ გაერთიანება ის ძალა იქნებოდა, რომელიც საქართველოსთან ერთად შეძლებდა დაემხო ოსმალეთისა და სპარსეთის ჰეგემონია ევროპასა და წინა აზიაში. მაგრამ იმ დროს დასვლეთ ევროპის ოცზე მეტი სახელმწიფო ურთიერთმჟლეტელ, 30-წლიან ომში იყო ჩაბმული (ამ ომში ცენტრალური ევროპის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის განახევრდა) და ამ თამამ გეგმას ასრულება არ ეწერა.
მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება — სააკაძემ თავის დროს ბევრად გაუსწრო. მისმა სურვილმა, ჩამოყალიბებულიყო ერთიანი ქრისტიანული ევროპის კავშირი, ბუნებრივია, ოდნავ განსხვავებული ფორმითა და მიზნებით, ხორცი XX–XXI საუკუნეთა მიჯნაზე შეისხა.