პრემიერი: ქვეყანას მომავალი წლისთვის კარგი სასტარტო პირობები აქვს

პრემიერმა ისაუბრა 2021 წელს მიღწეულ წარმატებებზე და გამოწვევებზე, რომლების ქვეყნის წინაშე იდგა
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. ქვეყანას კარგი სასტარტო პირობები აქვს იმისათვის, რომ 2022 წელი იყოს უფრო ძლიერი და წარმატებული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანა მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მინიმუმ 10%-იანი მაჩვენებლით დაასრულებს.
„ქვეყანა დამშვიდდა, დაწყნარდა. გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები იმისთვის, რომ გაცილებით ძლიერი, წარმატებული იყოს 2022 წელი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავარ გამოწვევებს შორის, რომელთა წინაშე ქვეყანა იდგა 2021 წელს, პრემიერმა დაასახელა რთული ეპიდვითარება, ვაქცინების არარსებობა, ეკონომიკა, რომელიც მინუსებში იყო და არასტაბილური პოლიტიკური ვითარებაც, როდესაც „ქვეყანა იყო მუდმივი საბოტაჟის წინაშე“.
„წელი დავხურეთ იმით, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გვაქვს 5 მილიონზე მეტი ვაქცინა, რომლითაც ჩვენს მოსახლეობას რეალურად მივეცით არჩევნის საშუალება. უამრავი კამპანია ვაწარმოეთ ამასთან დაკავშირებით. არჩევნები მოვიგეთ. არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და აბსოლუტურად კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში და ამის აღიარება ყველამ ერთად ვიხილეთ“, - განაცხადა პრემიერმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამი სცენარი – ეროვნული ბანკის პროგნოზი >>
ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველმა პარტიამ ქვეყანას აარიდა პროვოკაციები და სისხლისღვრა არჩევნების დღეს, ასეთი გეგმები კი მის ოპონენტებს ჰქონდა.
პრემიერის თქმით, შემდგომი სამი წელი უნდა იყოს საქართველოსთვის აღმშენებლობის, განვითარების, კეთილდღეობის მომტანი, მშვიდობისა და სტაბილურობის წლები.