COVID-19 - ბოლო ცნობები

ქვეყანაში „ომიკრონის" გავრცელება იმატებს – გამოვლენილია 63 შემთხვევა

„ომიკრონ" შტამისთვის დამახასიათებელი სწრაფი გავრცელების გამო ეპიდემიოლოგები პანდემიის მეექვსე ტალღას იანვრის თვეში ელოდებიან.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღეებში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ერთ პროცენტზე მეტი „ომიკრონ" შტამზე მოდის, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის ახალი „ომიკრონ" შტამის 63 შემთხვევაა გამოვლენილი. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო 2–3 კვირის განმავლობაში, შესაძლებელია, „ომიკრონი" დომინანტი შტამი გახდეს და „დელტა" მთლიანად ჩაანაცვლოს.

„ომიკრონით" ინფიცირების 63 შემთხვევიდან უმრავლეს შემთხვევაში ვირუსი შემოტანილია. ინფიცირებულთაგან არცერთის მდგომარეობა მძიმე არაა. მათი უმრავლესობა აცრილია, ექვსს ჰქონდა გადატანილი ვირუსი. ინფიცირებულებიდან ხუთი ადამიანი 18 წლამდე ასაკისაა", – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის" შემთხვევების ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.
ქვეყანაში „ომიკრონით" ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
სხვა შტამებს არ ჰქონია: დადგინდა „ომიკრონის“ უპირველესი სიმპტომი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა. ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის" შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 928.030 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 888.022 ადამიანი, გარდაიცვალა 13.646 პაციენტი.