ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს შეხვდა: რაზე ისაუბრეს პოლიტიკოსებმა

ნიკა მელიამ დაასახელა ის ორი კომპონენტი, რომლის მოწესრიგების შემთხვევაში შერიგება შესაძლებელია
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი და მას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია, განაცხადა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
ეს განცხადება მელიამ გააკეთა სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებს საზოგადოებაში პოლარიზაციის დაძლევის ინიციატივას. მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა საერთო ეროვნული დისკუსიით არის შესაძლებელი.
„სალომე ზურაბიშვილს ჩემი შეფასებით, აქვს ისტორიული შანსი, მას შეუძლია არა მხოლოდ როლი ითამაშოს, არამედ დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშოს, მას აქვს გადამწყვეტი ბერკეტები. იგი მოიპოვებს ამ პროცესში მხარდაჭერას და ასეთ შემთხვევაში შეიძლება ამ პროცესიდან რამე გამოვიდეს“,- განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.
მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მათ პრაქტიკულად ყველა საკითხი განიხილეს. მელია მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილს სიტუაციიდან გამოსავალი სწორად აქვს დასახული.
„პროცესი თავისთავად მნიშვნელოვანია, საინტერესოა, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა სიმართლე - გულუბრყვილო არც მოლოდინი და არც ილუზიები არ მაქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს შანსი უნდა ჰქონდეს. შანსი უნდა ჰქონდეს და მე პირადად, მეგობრებთან ერთად, უმცირესს შანს სანამ ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში“, - განაცხადა მელიამ.
ამასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა განმარტა, პირადად როგორ ხედავს ის სამოქალაქო თანხმობას.
„სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებასა და ერთხელ და სამუდამოდ, ამ მიმართულებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების, პოლიტიკური დევნის დასრულება. არა უბრალოდ ჩვენ წინააღმდეგ, ვინც ახლა ვართ რეჟიმის მოწინააღმდეგეები, არამედ მომავალში. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს არჩევნებისადმი განცდა და არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია სამოქალაქო თანხმობაზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა მელიამ.
მარგველაშვილი სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ახალი ინიციატივით გამოვიდა >>
10 დეკემბერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი პოლიტიკური ძალების შერიგებისა და საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრის ინიციატივით გამოვიდა. უკვე 15 დეკემბერს ზურაბიშვილმა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები რეზიდენციაში მიიწვია და საერთო ეროვნული შერიგების ხედვა გააცნო, მოგვიანებით კი დაიწყო ინდივიდუალური შეხვედრები პოლიტიკოსებთან.
პრეზიდენტმა მოლაპარაკებების სამი პრინციპი დაასახელა: ინკლუზიურობა, ანუ ყველა მხარის ჩართვა, პროცესის გამჭვირვალობა და წინაპირობების არარსებობა.