დასავლეთ საქართველოში ქარის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

საქართველო, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლას ცდილობს.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, წინასწარი შეფასებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 70 მლნ დოლარი იქნება.
„ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს. ამ დროისათვის ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წინასწარ მონაცემებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მხოლოდ კვლევაზე გაფორმდა მემორანდუმი და შემდეგ კვლევა დაადასტურებს, დასჭირდება თუ არა პროექტს 70 მლნ დოლარის ინვესტიცია“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს საქართველოში ენერგეტიკულ პროექტებს ბევრი გამოწვევა ახლდა თან, წელი საკმაოდ წარმატებული იყო მცირე და საშუალო ენერგეტიკული პროექტებისთვის.
ინვესტორებმა 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ადგილობრივი გენერაციის (ჰიდრო, ქარის, მზის) ობიექტების შესწავლა დაიწყეს.
საქართველოში ქარის ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება
ამჟამად საქართველოში ქარის ელექტროსადგური „ქართლი“ მუშაობს, რომლის სიმძლავრე 20 მეგავატია.
ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა არის ტენდენცია, რომელიც მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა. იგი საქართველოს მთავრობისთვისაც მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ქვეყანა ენერგეტიკულ სისტემაში მზისა და ქარის ენერგიების ინტეგრაციის გაძლიერებას გეგმავს.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების განხორციელება ენერგეტიკის სფეროში მთავრობისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ელექტროენერგიის საკუთარმა გამომუშავებამ 10,2 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 8,7 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1,5 მლრდ კვტ/სთ, „ქართლის“ ქარის სადგურმა კი 72,1 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.