თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. StopCovid ლატარიას „აიცერი და მოიგე", რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით იმართება, ამ ეტაპზე 17.055 გამარჯვებული ჰყავს, მოგებული თანხის საერთო რაოდენობა კი 2.700.000 ლარს შეადგენს.
ლატარია 2021 წლის 13 სექტემბრიდან დაიწყო. ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშებები 27 დეკემბერს დასრულდა, ხოლო 31 დეკემბერს „აიცერი და მოიგეს" მთავარი შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება.
ლატარიაში ყოველდღიურად 100-დან 500 ლარამდე თანხები თამაშდებოდა, ყოველკვირეულად – 1000-დან 10.000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბერს ტელეეთერში გადაიცემა, 100.000 ლარი გათამაშდება.
StopCovid ლატარიის „აიცერი და მოიგეს" გათამაშების ბილეთებს (ელექტრონული სახით) აცრილი მოქალაქეები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ იღებენ.
შემაჯამებელ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ერთხელ მაინც უნდა იყოს ვაქცინირებული.
გათამაშების ბილეთი ვაქცინირებულისთვის NCDC-ს მიერ ელექტრონულად მინიჭებული უნიკალური კოდია. ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით ვლინდებოდნენ, ასე იქნება შემაჯამებელი გათამაშების დროსაც.
31 დეკემბრის გათამაშებაში მონაწილეობას ყველა ბილეთი მიიღებს, არ აქვს მნიშვნელობა მოქალაქემ ყოველდღიურ, თუ ყოველკვირეულ გათამაშებაში უკვე მოიგო თანხა თუ არა.
რაც შეეხება არასრულწლოვან აცრილ მოქალაქეებს, მათ შემთხვევაში ლატარიის ბილეთი ხოლო გამარჯვების შემთხვევაში მოგება გადაეცემა მშობელს, ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს.
28 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.481.500 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1.280.377 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 44.6%
სრულად ვაქცინირებულია 1.132.581 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 39.4%
ე.წ. ბუსტერ–დოზა გაკეთებული აქვს 67.315 ადამიანს.
27 დეკემბერს აიცრა 13.377 ადამიანი.