თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გეგმებით, გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ნათქვამია ოფისის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ბაზაზე ორი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის შექმნას.
„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, იმ დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით, რომელიც მთავარ როლს ასრულებს წამებისა და კონფიდენციალურობის დაცვის პრევენციაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
უმაღლესი კომისრის ოფისი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა.
სახელმწიფო ინსპექტორისთვის ლონდა თოლორაიასთვის, „ქართული ოცნების“ ინიციატივა მოულოდნელი აღმოჩნდა და არაერთი კითხვა გააჩინა. სამსახურის თანამშრომლებმა გაუქმების შესახებ საინფორმაციო საშუალებებისგან შეიტყვეს. თოლორაიამ პარლამენტს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და მის თანამშრომლებს სჯიან „დამოუკიდებლობისა და კანონმორჩილებისთვის“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საუბარია არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, არამედ მის რეფორმაზე – ერთი სამსახური ორით შეიცვლება, საგამოძიებო სამმართველოს უფლებამოსილება კი გაფართოვდება.
კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალ უწყებას დაევალა პერსონალური მონაცემების დაცვა, ასევე გარკვეული სახის დანაშაულების გამოძიება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირების მხრიდან წამების, არაადამიანური მოპყრობის, წამების მუქარის, დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს.
გარდა ამისა, სამსახურის კომპეტენციაში შედის ძალის ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოძიება.