რატომ ვერავინ ვეღარ გაიმეორებს ლაშა ტალახაძის ოლიმპიურ რეკორდს

ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და საკუთარივე შედეგები გააუმჯობესა.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. ქართველი ძალოსნის ლაშა ტალახაძის ოლიმპიური რეკორდი, რომელიც მან ტოკიოს თამაშებზე +109 კგ წონით კატეგორიაში დაამყარა, სამუდამოდ დაუძლეველი დარჩება.
საქმე ისაა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) გადაწყვეტილებით, 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე წონითი კატეგორიების რაოდენობა შემცირდება.
თუ ტოკიოს თამაშებზე მამაკაცები და ქალები შვიდ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ, პარიზში უკვე ხუთი კატეგორია იქნება. მამაკაცებისთვის: -61 კგ, -73 კგ, -89 კგ, -102 კგ და +102 კგ, ხოლო ქალებისთვის: -49 კგ, -59 კგ, -71 კგ, -81 კგ და +81 კგ, იუწყება IWF.
შესაბამისად, ტალახაძე +102 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს და მისი ოლიმპიური რეკორდი +109 კგ წონით კატეგორიაში დაუძლეველი დარჩება.
ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა >>
ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და საკუთარივე შედეგები გააუმჯობესა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 223 კილოგრამი ასწია, აკვრაში – 265 კგ, ორჭიდში ჯამში კი 488 კგ დააგროვა.
დეკემბრის შუა რიცხვებში ტაშკენტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ კვლავ სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ატაცში 225 კილოგრამის აწევა შეძლო, აკვრაში – 265 კგ და 492 კგ ორჭიდის ჯამში.
წყარო - ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF)