თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. თბილისში საპენსიო ასაკს მიღწეულ პირთა შორის ცურვის შეჯიბრი გაიმართა.
ტურნირის მონაწილეები ერთმანეთს ცურვის ორ სახეობაში - ბრასსა და კროლში შეეჯიბრნენ და ორივე სახეობაში, ქალებშიც და მამაკაცებშიც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული პირები აუზის (სიგრძე 25 მეტრი) ყველაზე მცირე დროში გადაცურვის შედეგად გამოვლინდნენ.
მონაწილეებს შორის ყველაზე ასაკოვანი კონკურსანტი ქალი 74 წლის იყო, ხოლო მამაკაცი - 78 წლის.
გამოვლინდა სულ 12 გამარჯვებული - 6 ქალი და 6 კაცი. პირველ ადგილზე გასულ პირებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 2 ათასი ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე - 1000 ლარის, ხოლო მესამეზე - 500 ლარის ოდენობით.
ტურნირი„საქართველოს პირველობა ცურვაში ხანდაზმულ მოყვარულთა შორის" სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის საცურაო აუზზე (თემქის აუზი) ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღეს 55 წელს გადაცილებულმა ქალებმა და 60 წელს გადაცილებულმა მამაკაცებმა.
შეჯიბრის ჩატარება მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს კულტურის, მინისტრის, თეა წულუკიანის და სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე გადაწყდა.