თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს უსასყიდლოდ 13 ათასზე მეტ წიგნს გადასცემს, ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ბიბლიოთეკების შევსება/განახლების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიასა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის მემორანდუმი გაფორმდება.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრებიან. შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზეც ისაუბრებენ.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გუგა მირიანაშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზურა წერეთელი.