ეკატერინე ტიკარაძემ პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ექიმს მადლობა გადაუხადა

ეს ეკატერინე ტიკარაძის ბოლო წლიური ანგარიშია მინისტრის რანგში.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე მადლობას უხდის ყველა იმ ექიმს, ვინც პანდემიის პერიოდში პაციენტების მკურნალობაშია ჩართული და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნავს.
ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის „ჯანდაცვის სისტემების გამოწვევები - პანდემიის მართვა და რეფორმები“ წარდგენის ღონისძიება მიმდინარეობს. ეს ტიკარაძის ბოლო წლიური ანგარიშია მინისტრის რანგში.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საკუთარი გამოსვლა სწორედ ექიმებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.
„მადლობა იმ სამედიცინო პერსონალს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ამ მიმართულებით. ასევე, დიდი მადლობა ყველა მომიჯნავე სტრუქტურასა და სამინისტროს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პანდემიის მართვაში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ანგარიშის წარდგენას ესწრებიან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, „ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე და პანდემიის მართვაში ჩართული უწყებების წარმომადგენლები.
ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2 წლის და 6 თვის განმავლობაში ეკავა, 9 დეკემბერს დატოვა. ტიკარაძეს კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ იგი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში რჩება. ოფიციალური ინფორმაცია, თუ ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს, ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურა აზარაშავილი.
ვინ დაიკავებს მინისტრის სავარძელს და ვინ გააგრძელებს პანდემიასთან ბრძოლას, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს.