საქართველოს პირველი პირები კათოლიკეებს შობის დღესასწაულს ულოცავენ

მსოფლიოს ქრისტიანების დიდი ნაწილი დღეს ქრისტეშობას ზეიმობს. წლევანდელი კათოლიკური შობა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში აღინიშნება.
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ დღესასწაული მიულოცეს ქრისტიანების იმ ნაწილს, ვინც დღეს აღნიშნავს შობას.
პრეზიდენტმა მორწმუნეებს და კეთილდღეობა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.
„ქრისტიანულ ეკლესიებსა და მათ მრევლს, ყველას, ვინც დღეს ზეიმობს შობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ვულოცავ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს! რელიგიური კონფესიების მშვიდობიანი თანაარსებობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და სიამაყეა. დაე, ეს ტრადიცია მუდამ ცოცხლობდეს ჩვენს ქვეყანაში და მთელი მსოფლიოსთვის იქცეს განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანთა მშვიდობით, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით თანაცხოვრების მაგალითად. მშვიდობა და კეთილდღეობა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მოეტანოს ყველასათვის იმედისა და სიყვარულის ამ დღესასწაულს!“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა თავის Facebook-გვერდზე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკე ეკლესიის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.
პრემიერ-მინისტრმა მორწმუნეებს მშვიდობა, საყოველთაო ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა.
„შობას ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს. ქრისტიანული სამყაროსთვის შობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც მშვიდობის, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით. გილოცავთ, ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ ყველას!“ - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.
კათოლიკეებს დღესასწაული მიულოცა ასევე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„შობას ვულოცავ ყველას, ვინც დღეს ზეიმობს იმედის, სიკეთისა და სიყვარულის ამ დღესასწაულს. უფლის შობა ყველა ქრისტიანისთვის გამორჩეულად ძვირფასი დღესასწაულია. დაე, იყოს მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა!“– წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
მსოფლიოს ქრისტიანების დიდი ნაწილი დღეს ქრისტეშობას ზეიმობს. საქართველოს ტაძრებში ღამისთევის ლიტურგია შესრულდა. კათოლიკურ ეკლესიაში მსახურება ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ჩაატარა. კოვიდ-პანდემიის გამო მსახურება დადგენილი წესების დაცვით ჩატარდა.
25 დეკემბერს შობას აღნიშნავენ კათოლიკური, პროტესტანტული, ევანგელისტურ-ლუთერანული, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიები და მართლმადიდებლური ეკლესიების ნაწილი, მათ შორის საბერძნეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.