თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადა სამ თვემდე მცირდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
გაბუნიას თქმით, ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მეორე დოზის გაკეთებიდან სამი თვის შემდეგ მოსახლეობამ ბუსტერ-დოზა გაიკეთოს.
„დღეს საბჭომ გაუწია რეკომენდაცია ბუსტერ-დოზის ჩატარების შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის. პროცესი შესაძლებელია, რომ ძალიან მალე აქტიურად დაიწყოს. გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მეორე დოზის შემდეგ მოსახლეობამ ბუსტერ-დოზა გაიკეთოს“, - განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოში ბუსტერ-დოზების ადმინისტრირება ოქტომბრის ბოლოს დაიწყო. მანამდე მეორე და ბუსტერ დოზებს შორის ინტერვალი შეადგენდა ექვს თვეს, ხოლო 7 დეკემბრიდან - ხუთ თვეს, ჩინური წარმოების ვაქცინების შემთხვევაში კი 3 თვეს.
ეპიდემიოლოგები ვაქცინის მესამე, ბუსტერ-დოზის აუცილებლობას საქართველოში „ომიკრონის“ ახალი შტამის შემოსვლით ხსნიან, რომელიც წინამორბედ შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება და მისგან დაცვა ვაქცინის მხოლოდ მესამე დოზას შეუძლია. საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.
23 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.428.334 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.267.354 ადამიანი – 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 44,1%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.104.100 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 38,5%. ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 55.811 ადამიანს. მსოფლიოში ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ „ომიკრონისგან“ დასაცავად ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ არის. ჯანმოს რეკომენდაციით, აუცილებელია მესამე, ბუსტერ–დოზის გაკეთება.