თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებაში არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ის გამოყენების ვადა აპრილის დასაწყისში იწურება, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს სხდომის შემდეგ.
ბოლო ორ კვირაში ეპიდვითარება ქვეყანაში შედარებით დასტაბილურდა. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დღე-ღამეში არ აღემატება 2-3 ათასს. კვლავ შედარებით მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი - საშუალოდ 40-50 ადამიანი დღე-ღამეში. ამ დროისთვის სრულად (ორჯერადად) აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 38,5%.
„მარაგები, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, ვარგისია 1 აპრილამდე. ამიტომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მათი გამოყენება მომდევნო სამი თვის განმავლობაში“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, არსებული მარაგების ადმინისტრირების პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინების ახალი პარტიების შემოსატანად.
გაბუნიას თქმით, ჩინური წარმოების ვაქცინებს (Sinopharm, Sinovac) 2-წლიანი გამოყენების ვადა აქვთ.
მინისტრის მოადგილემ ასევე გამოთქვა იმედი, რომ იმ დროისთვის ასევე შეიქმნება ახალი ვაქცინა, რომელიც კორონავირუსის ახალ, „ომიკრონ“ შტამთან ბრძოლაში იქნება ეფექტური.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. საუბარია 24 წლის ქალსა და 26 წლის მამაკაცზე. ორივე ვაქცინირებულია. ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებულების რამდენიმე ათეული კონტაქტი შეისწავლეს. ამ დროისთვის ქვეყანაში ოფიციალურად დადასტურებულია „ომიკრონის“ 29 შემთხვევა.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 4 ივლისს დაიწყო. მოქალაქეებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ ოთხ ვაქცინას შორის - Sinopharm, Sinovac, Pfizer, AstraZeneca. აცრის გაკეთება შეუძლიათ 12 წელს ზემოთ ბავშვებსაც, მაგრამ მშობლებისა ან მეურვის ნებართვით და მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინით.