ორსული მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა

დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 22 დეკემბერს თბილისში, ვარკეთილში ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა არეში 30-მდე ჭრილობა მიაყენა. ორსული ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული „ცხელ კვალზე“ დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა–109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საზარელი დანაშაული თბილისში: ქმარმა ორსული ცოლი მოკლა
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის გოგონა და 23 წლის მამაკაცი მრავალბინიანი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობდნენ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა მათი პატარა შვილის და მამაკაცის 13 წლის ძმის თვალწინ მოხდა.
გამოძიება არ აკონკრეტებს, რა გახდა მკვლელობის მოტივი. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შესაძლოა ფინანსური მოტივით მოხდა. ოჯახი თავს ირჩენდა ქალის შემოსავლით, რომელიც საკუთარი ხელით დამზადებულ სამკაულებს ყიდდა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.