თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ შესაძლოა ბოლო შტამი, ანუ პანდემიის დასრულების მომასწავებელი სიგნალი იყოს, აცხადებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ვირუსოლოგი ფელიქს ერშოვი.
„შესაძლოა „ომიკრონი“ იყოს ბოლო შტამი და პანდემიის დასრულების სიგნალი. ის უკიდურესად კონტაგიოზურია (გადამდები), თუმცა არა სასიკვდილოდ საშიში. სრულიად შესაძლებელია, რომ მექანიზმმა იმუშაოს და მისი დახმარებით მიღებული ანტისხეულები ვაქცინებსაც დაეხმაროს და იმუნიტეტსაც. როგორც ჩანს, ბუნებამ თავად შექმნა პანდემიის დასრულების ამგვარი შანსი“, − აღნიშნა აკადემიკოსმა.
გარდა ამისა, ვირუსოლოგი ეთანხმება ჰიპოთეზას, რომ „ომიკრონმა“ შეიძლება ბუნებრივი ვაქცინის როლი შეასრულოს ბევრად მძიმე შტამების წინააღმდეგ. მეცნიერის თქმით, მუტანტი შტამი ცილა-ინტერფერონების სისტემის დახმარებით თრგუნავს წინამორბედ შტამებს და აძევებს მათ.
მანამდე იგივე მოსაზრება გამოთქვა გამალეის ვირუსოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ანატოლი ალტშტეინმა. მისი განმარტებით, „ომიკრონი“ შეიძლება პანდემიის დასასრულის მოახლოებას ნიშნავდეს, „ვინაიდან ის ისე იქცევა, როგორც გადაგვარების გზაზე მყოფი — ერთ გენში 52 მუტაციით“. ესოდენ ბევრი მუტაცია კი იმაზე მეტყველებს, რომ „ომიკრონს“ დისბალანსი აქვს გენეტიკურ სისტემაში და შესაძლოა ვირუსი იმდენად დაზიანებულია, რომ სერიოზული დაავადება ვეღარ გამოიწვიოს.