უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, დილიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გარდა, აქტიური გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა მიმდინარეობს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
მთელი ღამის მანძილზე მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკა, რათა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს, აღნიშნეს უწყებაში.
დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დილიდან აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტისათვის, ზოგიერთზე კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
„გზებზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების მიუხედავად, ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ინტენსიური ნალექის გარდა აფერხებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების, ზოგ შემთხვევაში კი არასეზონური საბურავებით მოძრაობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ დროისთვის, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია ხაშური-აწყური, საჩხერე-ონის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი), ლენტეხი-მელეს, ხაიში-კალას, ახალციხე-ნინოწმინდას და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მთის გზებზე: კორშა-შატილის მონაკვეთზე, კალა-უშგულის მონაკვეთზე, ფარავნის უღელტეხილის მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვები და გზებზე, სადაც მოსალოდნელია ნალექი და დაბალი ტემპერატურა იმოძრაონ ზამთრის სეზონური საბურავებით.