COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში „ომიკრონ" შტამის 24 შემთხვევაა გამოვლენილი

Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგები ინფიცირებულების 26 კონტაქტს სწავლობდნენ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა
გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა დადასტურებული შემთხვევა ერთ კლასტერს მიეკუთვნება და მათი ინფიცირების მიმდინარეობა მსუბუქია.
„ჩვენ მიერ მოხდა პირველი ორი შემთხვევის კონტაქტების გამოკვლევა და ვირუსი კონტაქტში მყოფ ყველა პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა უმრავლესობა ვაქცინირებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.
ჯერჯერობით მსოფლიოს მასშტაბით ამ შტამით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. „ომიკრონით“ გამოწვეული პირველი ლეტალური შემთხვევა დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, მეორე – აშშ-ში.