„ენგურჰესის" თაღოვანი კაშხალი საერთაშორისო კულტურულ მარშრუტებში შეიყვანეს

„ენგურჰესის" კაშხალი საქართველოდან პირველი ობიექტია, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტში გაწევრიანდა.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. „ენგურჰესის" თაღოვანი კაშხალი ოფიციალურად „ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის – „ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის" სერტიფიცირებული წევრი გახდა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ენგურჰესის კაშხალი საქართველოდან პირველი ობიექტია, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტში გაწევრიანდა.
პროექტის „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ „ენგურის ატრაქციამ" დაიწყეს.
„ენგურჰესის" კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.
„ენგურჰესზე" პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა
„ენგურჰესის" კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურის მოწყობის მომდევნო ეტაპი მოიცავს გადასახედი მოედნების, საბაგირო გზის, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრის, ღია საკონცერტო სივრცისა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალი ლიფტის მოწყობას.
„ენგურჰესი" უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო კომპლექსია. „ენგურჰესის" კაშხალს 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარებას ისახავს მიზნად. კაშხლის სიმაღლე 271,5 მეტრია, სიგრძე – 728 მეტრი. ენგურის კაშხალი მსოფლიოს თაღოვანი კაშხლების ხუთეულში შედის.
ამ დროისათვის „ენგურჰესის" დადგმული სიმძლავრე 1.300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.
„ენგურჰესზე" სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო, 1978 წელს პირველი აგრეგატი ამუშავდა. მთლიანად ჰესის მშენებლობა 1987 წელს დასრულდა.
„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარეზეა.