მძღოლების საყურადღებოდ: საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი–ახალციხის (გოდერძის უღელტეხილი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, შეზღუდვების დაწესების მიზეზი თოვა და ლიპყინულია.
ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა ფარავნის უღელტეხილზეც. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა.