თბილისში სააკაშვილის ათასობით მხარდამჭერი მისი გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბა

სააკაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად მისი თანამოაზრეები თბილისში აქციაზე გამოვიდნენ და ცენტრალური გამზირი გადაკეტეს.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები და მხარდამჭერები ექს-პრეზიდენტის დაბადების დღეს თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.
სამშაბათს სააკაშვილს 54 წელი შეუსრულდა. აქციაზე ისმის მხოლოდ ერთი ლოზუნგი: „არა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას“.
ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ მიშას დაბადების დღე მივულოცოთ და განვაცხადოთ, რომ ის უნდა იყოს თავისუფალი, განაცხადა ექს-პრეზიდენტის მიერ დაფუძნებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
რუსთაველის გამზირზე სააკაშვილის რამდენიმე ათასი მხარდამჭერი შეიკრიბა. ბევრი მათგანი რაიონებიდან არის ჩამოსული.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქციით უკმაყოფილონი არიან.
ეს „ნაცმოძრაობას“ საბოლოო მარგინალიზაციამდე მიიყვანს, ეს რადიკალიზაციის პროცესი მიუღებელია საზოგადოებისთვის, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს. 21.12.2021
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, საახალწლო დღეებში რუსთაველის გამზირზე მეტი აქცია აღარ ჩატარდება.
მისი თქმით, ბავშვებმა უნდა გაიხარონ ნაძვის ხის და საახალწლო განათების ცქერით და ამაში მათ ხელს არ შეუშლიან. მაგრამ არსებობს სხვა მხარეც და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა ლოკაციაზე, აღნიშნა მელიამ.
სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. მანამდე მას დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორ სისხლის სამართლის საქმეზე. მის წინააღმდეგ განხილვაშია კიდევ სამი საქმე, მათ შორის ერთი საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.
ამჟამად ექს-პრეზიდენტი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეაბილიტაციის კურსს გადის. მკურნალობის დასრულების შემდეგ მას რუსთავის ციხეში დააბრუნებენ.