მსოფლიო დღეს

უსაფრთხოების გარანტიები: ევროკავშირში რუსეთის წინადადებას უპასუხეს

Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი − Sputnik. რუსეთმა უნდა მიიღოს და პატივი სცეს სხვა ქვეყნების უფლებას, აირჩიონ თავიანთი საგარეო პოლიტიკა და ბლოკები, რომლებში შესვლაც სურთ, განაცხადეს ევროკავშირში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოსკოვის მოთხოვნის პასუხად.

„თითოეული ქვეყანა სუვერენულია თავისი საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის მეთოდის არჩევაში. ამასთან სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ისაა, რაც რუსეთს უნდა ესმოდეს და პატივს სცემდეს“, − ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენელ პიტერ სტანოს კომენტარში.

მისი თქმით, ევროპული უსაფრთხოების საკვანძო პრინციპები ჰელსინკის 1975 წლის დასკვნით აქტსა და პარიზის 1990 წლის ქარტიაშია გადმოცემული. სტანოს განმარტებით, ეუთომ არაერთი მექანიზმი შეიმუშავა ზემოხსენებული დოკუმენტების მხარდასაჭერად, რომლებიც დღემდე რჩება „რუსეთთან ნებისმიერი ურთიერთქმედების ქვაკუთხედად“.
რიაბკოვი: მოსკოვს სასწრაფოდ სჭირდება ვაშინგტონის პასუხი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 დეკემბერს გამოაქვეყნა აშშ-თან და ნატოსთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების პროექტი. დოკუმენტი უკვე გადაეცა ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს. პროექტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ნატომ გარანტია უნდა გასცეს, რომ არ მიიღებს ბლოკში სახელმწიფოებს, რომლებიც მანამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ, და არ დააარსებს სამხედრო ბაზებს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე. კიდევ ერთი პირობა, ეს ორმხრივი უარია შეიარაღებასა და შეიარაღებული ძალების განთავსებაზე იმ რაიონებში, რომლებშიც ჯარების განშლა მეორე მხარემ შეიძლება საფრთხედ აღიქვას. შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ზოგი წინადადება მიუღებლად მიიჩნია. ვაშინგტონი აპირებს, რომ უსაფრთხოებაზე რუსეთის შიშები ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილოს.
თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს სასწრაფოდ სჭირდება ვაშინგტონის პასუხი რუსეთის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე, ვინაიდან ვითარება ძალიან რთულია. მისი თქმით, თუ აშშ და ნატო რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაზე არ უპასუხებენ, ამას შესაძლოა კონფრონტაციის ახალი ტალღა მოჰყვეს.