უკანონო შენობა-ნაგებობები თბილისში – მერიამ დემონტაჟი დაიწყო

მუნიციპალურმა ინსპექციამ ზაჰესში სამი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოახდინა. მანამდე მერიაში განაცხადეს, რომ დედაქალაქში არ დაუშვებენ უკანონო მშენებლობების ფაქტებს.
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში, ზაჰესის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინსპექტირების შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნულ ფაქტებზე თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოკვლევა ერთი თვის წინ დაიწყო.
თბილისში უკანონო ნაგებობებს აიღებენ – მერია კონტროლს ამკაცრებს
მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო აშენებული, ამიტომ მუნიციპალურმა ინსპექციამ, კანონის შესაბამისად, შენობების დემონტაჟი დაიწყო.
გასულ კვირაში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების და მიწის ნაკვეთების მიტაცების ფაქტებზე რეაგირებას გაამკაცრებს.