საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომებზე 22 დეკემბრიდან შეიკრიბება

რიგგარეშე სესიის მოწვევის მიზეზი ქვეყნისთვის რიგი მნიშვნელოვანი კანონპროექტების მიღების აუცილებლობაა.
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ოთხშაბათს, 22 დეკემბერს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს ჰიმნით იხურება. წლევანდელი საშემოდგომო სესია ოფიციალურად 17 დეკემბერს დაიხურა.

„მთელი რიგი საკითხებია, როგორც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, ასევე საორგანიზაციო საკითხები. ჩვენ დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რაც ტრადიციულად არის ხოლმე ყოველი წლის ბოლოს. ამიტომ ჩვენ პრეზიდენტს მივმართავთ, 22 დეკემბრიდან რიგგარეშე სხდომები ჩაინიშნოს“, – განაცხადა კუჭავამ.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ რიგგარეშე სხდომას დეპუტატები სრული შემადგენლობით დაესწრებიან, ვინაიდან, კუჭავის თქმით, წლის ბოლომდე პარლამენტს საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა მოუწევს.
მანამდე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევის მიზეზი ქვეყნისთვის რიგი მნიშვნელოვანი კანონპროექტების, მათ შორის „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონში ცვლილებების საბოლოო მოსმენით მიღების აუცილებლობაა.
რიგგარეშე სესიის დასრულების შემდეგ დეპუტატებს თებერვლამდე არდადეგები ექნებათ.