თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვს სასწრაფოდ სჭირდება ვაშინგტონის პასუხი რუსეთის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე, ვითარება ძალიან რთულია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
„ვფიქრობ, ისინი შეეცდებიან, რომ ეს ყველაფერი დუნედ მიმდინარე პროცესში გადაიყვანონ, ჩვენ კი [პასუხი] სასწრაფოდ გვჭირდება. სიტუაცია ძალიან მძიმეა, მწვავეა და აქვს შემდგომი გართულების ტენდენცია. ამიტომ დაყოვნება არ შეგვიძლია და მზად ვართ ახლავე შევუდგეთ მოლაპარაკებებს“, − უთხრა რიაბკოვმა ჟურნალისტებს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მოსკოვს ჯერ არ გადაუწყვეტია, იტყვის თუ არა უარს ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების მორატორიუმზე, თუ აშშ და ნატო შეთავაზებულ გარანტიებს არ მიიღებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 დეკემბერს გამოაქვეყნა რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების პროექტი აშშ-თან და ნატოსთან. დოკუმენტი უკვე გადაეცა ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს. პროექტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ნატომ გარანტია უნდა გასცეს, რომ არ მიიღებს ბლოკში „სახელმწიფოებს, რომლებიც მანამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ“. შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ზოგი წინადადება მიუღებლად მიიჩნია. ვაშინგტონი აპირებს, რომ უსაფრთხოებაზე რუსეთის შიშები ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილოს.
სერგეი რიაბკოვის თქმით, თუ აშშ და ნატო რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაზე არ უპასუხებენ, ამას შესაძლოა კონფრონტაციის ახალი ტალღა მოჰყვეს.