თბილისი, 21 დეკემბერი − Sputnik. რუსეთი მზადაა ძალის გამოსაყენებლად, თუ დასავლეთი „წითელ ხაზებს“გადაკვეთს, განაცხადა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა ВВС-სთან ინტერვიუში.
„თუ საუბარი უკრაინის ნატოში შესვლაზე ან უკრაინის ტერიტორიის სამხედრო ათვისებაზე იქნება, ჩვენი პისტოლეტი აშშ-ის საფეთქელთან აღმოჩნდება. ჩვენ გვაქვს სამხედრო-ტექნიკური შესაძლებლობა, რუსეთს საუკეთესო იარაღი აქვს მსოფლიოში, ჰიპერბგერითი... მიფრენის ისეთივე დროით, როგორიც ექნება ამერიკულ თუ ბრიტანულ იარაღს უკრაინიდან მოსკოვამდე, რუსეთის ტერიტორიამდე. ეს იქნება კარიბის კრიზისის ვითარება, ოღონდ უკვე მიფრენის სხვა დროით“, − აღნიშნა კისელიოვმა.
მისი თქმით, მხარეებმა „ინტერესების ჰარმონიზაცია“ უნდა მოახდინონ და არ შეუქმნან რუსეთს უხერხული ვითარება, რომელიც პასუხს მოითხოვს.
„კარგი იქნებოდა, მოხდეს ინტერესების ჰარმონიზაცია, რათა რუსეთი არ ჩადგეს იმგვარ მდგომარეობაში, როდესაც დასავლეთის ქვეყნებამდე მისაფრენად ოთხი წუთი დასჭირდება“, − განაცხადა კისელიოვმა.
მისი თქმით, რუსეთი დასავლეთს სთავაზობს, რომ არ შექმნას საფრთხეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ყველაფერი რადიოაქტიურ ფერფლად გადაიქცევა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 დეკემბერს გამოაქვეყნა აშშ-თან და ნატოსთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების პროექტი. დოკუმენტი უკვე გადაეცა ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს. პროექტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ნატომ გარანტია უნდა გასცეს, რომ არ მიიღებს ბლოკში სახელმწიფოებს, რომლებიც მანამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ, და არ დააარსებს სამხედრო ბაზებს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე. კიდევ ერთი პირობა, ეს ორმხრივი უარია შეიარაღებასა და შეიარაღებული ძალების განთავსებაზე იმ რაიონებში, რომლებშიც ჯარების განშლა მეორე მხარემ შეიძლება საფრთხედ აღიქვას. შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ზოგი წინადადება მიუღებლად მიიჩნია. ვაშინგტონი აპირებს, რომ უსაფრთხოებაზე რუსეთის შიშები ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილოს.
თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს სასწრაფოდ სჭირდება ვაშინგტონის პასუხი რუსეთის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე, ვიანიდან ვითარება ძალიან რთულია. მისი თქმით, თუ აშშ და ნატო რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაზე არ უპასუხებენ, ამას შესაძლოა კონფრონტაციის ახალი ტალღა მოჰყვეს.