თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკის ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ამის შესახებ ქართული მედია იუწყება.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, რამაზ გერლიანს გუშინდელი დღის შემდეგ ვერ უკავშირდებიან. მისი ავტომობილი ავჭალის პოლიციის შენობასთან იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად სამართალდამცველები გერლიანის ყოფილი მეუღლის გამოკითხვას აწარმოებენ, ასევე გერლიანის სამუშაო ადგილზე მიმდინარეობს ჩხრეკა. ამასთან, სამართალდამცველ უწყებაში ელოდებიან იმ პოლიციელს, რომელსაც გერლიანი გაუჩინარებამდე ზეწოლასა და თვალთვალში ადანაშაულებდა.
რამაზ გერლიანმა გუშინ, დილით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს ერთ-ერთ თანამშრომელს გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებდა. გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის სამმართველოს 35 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.