თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. თბილისის ღამის კლუბებმა მუშაობის განახლების დაწყება კიდევ ერთი კვირით, 25 დეკემბრამდე გადადეს, ნათქვამია კლუბების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ 7 დეკემბერს ღამის კლუბების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ მუშაობა 16-17 დეკემბერს შეუძლიათ განაახლონ. კიდევ ერთი დღით ადრე კი მან დააზუსტა, რომ მხარეებს შორის მიღწეულია კონსენსუსი, შემუშავებულია ახალი პროტოკოლი და მხოლოდ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დამტკიცებაა საჭირო. თუმცა, კლუბების მფლობელებს, რომლებიც გასახსნელად უკვე მზად იყვნენ, 10 დღის შემდეგ აცნობეს, რომ მუშაობის განახლება უნდა გადაიდოს.
„საერთო ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, დღეს, შაბათს, 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადავდოთ. ჩვენი მხრიდან ეს არის ბოლო შესაძლო კომპრომისი“, - ნათქვამია ერთ-ერთი ღამის კლუბის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კომპრომისული გადაწყვეტილება შრომის ინსპექციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
ღამის კლუბები სრულ განცხადებას და დეტალებს უახლოეს დროს გაავრცელებენ.
ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში დაიხურა, მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა (26 თებერვალი). ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები კლუბების გახსნის გადადების რეკომენდაციას იძლევიან, რადგან ქვეყანა კიდევ ერთი გამოწვევის, კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ წინაშე დგას, რომელიც უკვე დაფიქსირდა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და ეს შეიძლება პანდემიის მეექვსე ტალღის დასაწყისი გახდეს.