თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის და გადაადგილება უჭირს, უამბო ჟურნალისტებს სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შვილის მონახულების შემდეგ.
„ვერ დადის სწორ ხაზზე. რომ გაატარებენ, იმ მომენტში მარჯვენა მხარეს თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება, დაეცეს. ეს ხდება მარჯვენა მხარეს. კიდევ მზერა, ნევროპათოლოგი რომ სინჯავს, მარჯვენა თვალი ვერ მიყვება. აშკარად აქვს სისუსტე, ჩემი შთაბეჭდილებები რაც არის“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი რეაბილიტაცია ესაჭიროება.
გიული ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი იმედით ელოდება 21 დეკემბერს ოპოზიციის მშვიდობიან აქციას და ფიქრობს, რომ ის მრავალრიცხოვანი იქნება.
ოპოზიცია ააანონსებს მორის მასშტაბურ საპროტესტო აქციას თბილისში 21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სააკაშვილის თანამოაზრეების და მხარდამჭერების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციები არაფრის მომცემია. თავად სააკაშვილი საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა.
სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია.