სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მუშა ხიდიდან გადავარდა

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 33 წლის მუშა გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
შემთხვევა გუშინ, 17 დეკემბერს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ხიდის კონსტრუქციაზე მუშაობდა, რა დროსაც სიმაღლიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
რიკოთზე ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ
აღნიშნულო ფაქტის შემდეგ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი სამუშაო პირობების და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამასთან, გაფიცული თანამშრომლები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
„პირველ რიგში გვაინტერესებს გარდაცვლილის ოჯახს როგორ აუნაზღაურებენ ამ ზარალს. მეორე - კონტრაქტზე გვაქვს ხელი მოწერილი და ის შეასრულონ რაც იქ გვიწერია. უსაფრთხოებიდან დაწყებული, შვებულებით დასრულებული. დასვენების დღეები გვეკუთვნის, ზეგანაკვეთური საათები გვეკუთვნის, არაფერი არ გვინაზღაურდება“, - აცხადებენ მუშები.
სურამი-ჩუმათელეთი (რიკოთის გვირაბი) სამშენებლო გზის მონაკვეთის სიგრძე - 6,9 კმ-ია. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს ჩინური კომპანია Sinohydro ახორციელებს.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, იგივე Е-60 ევროპაში სიდიდით მეორე სატრანზიტო დერეფანია, რომელიც ბრესტში (საფრანგეთი) იწყება და ირკეშტამში (ყირგიზეთი) მთავრდება. საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვრიდან და მთავრდება შავი ზღვის სანაპიროსთან, ფოთის პორტის მახლობლად, საიდანაც მარშრუტი თურქეთის საზღვრამდე გრძელდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კმ-ია.