გადადგება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი: რას ამბობენ „ქართულ ოცნებაში“

ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2021 წლის თებერვალში გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ დაინიშნა
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ კატეგორიულად უარყოფენ ხმებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ.
ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის შესახებ. ეს ხმები „გაამყარა“ ინფორმაციამ ღარიბაშვილსა და მმართველი პარტიის ზოგიერთ ლიდერს შორის კონფლიქტის შესახებ.

„ეს არის ტყუილი, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ. და ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ რაღაცნაირად გადაიფაროს ის რეალური კონფლიქტები, რომლებიც არის ოპოზიციის შიგნით", - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას ჭორები უწოდა ასევე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც.
ინფორმაცია უარყო რეგიონალური განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემაც.
„არა, რა თქმა უნდა. სისულელე არის, რაზე ვლაპარაკობთ, რაც არ არსებობს, იმაზე ვლაპარაკობთ", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წლის თებერვალში გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ დაიკავა. ღარიბაშვილისთვის ეს პრემიერობის მეორე ვადაა. პირველად ის მთავრობას სათავეში ჩაუდგა 2013 წელს და ყველასათვის მოულოდნელად პოსტი 2015 წლის დეკემბერში დატოვა. მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ღარიბაშვილის და მისი მეუღლის ნათესავებმა საკმაოდ მაღალი პოსტი დაიკავეს.