თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. მსჯავრდებულები საპატიმროს დატოვებამდე უმაღლესი განათლების დიპლომის მიღებას შეძლებენ, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ონლაინ-უნივერსიტეტში სწავლას ის მსჯავრდებულები შეძლებენ, რომლებიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნებართვის საფუძველზე ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ.
„სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად იწყება პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, მსჯავრდებულები დისტანციურად შეძლებენ უმაღლესი განათლების მიღებას და სასურველი სპეციალობის დაუფლებას.
„ჩვენთვის მთავარია ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ეს კი დიდწილად მსჯავრდებულის მიერ სათანადოდ გააზრებითა და ცოდნით მიიღწევა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
დაახლოებით 9,3 ათასი მსჯავრდებულიდან ამჟამად უმაღლეს განათლებას 30 პატიმარი იღებს.