თბილისში უკანონო ნაგებობებს აიღებენ – მერია კონტროლს ამკაცრებს

კალაძემ პირობა დადო, რომ უკანონო ნაგებობებს აიღებენ, ხოლო უსახლკაროები საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობისა და მიწის ნაკვეთების მიტაცების ფაქტებზე რეაგირებას ამკაცრებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თითოეულ ასეთ ფაქტს მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„ჩვენ არასდროს შევეგუებით უკანონობას. არასდროს შევეგუებით გარკვეული კრიმინალური ჯგუფების მხრიდან დედაქალაქის მასშტაბით მიწების მიტაცებას და შემდეგ ამ მიწებზე უკანონო მშენებლობებს. ეს მიწები არის ჩვენი ყველასი, ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების", – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, უკანონო მშენებლობები ხშირად კერძო მიწის ნაკვეთებზეც კი მიმდინარეობს.
„მინდა ყველას დავპირდე, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, ყოველთვის მოჰყვება რეაგირება და მსგავსი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდება. რა თქმა უნდა, მოგეცემათ საშუალება, თქვენვე განახორციელოთ დემონტაჟი და თუ ამას არ გააკეთებთ, მუნიციპალური ინსპექცია და ჩვენი შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ", – აღნიშნა კალაძემ.
ნინო ლომჯარია უკანონო მშენებლობებზე ზედამხედველობის გამკაცრების ინიაციატივით გამოვიდა
მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს კახა გულედანს მსგავს ფაქტებზე რეაგირების გამკაცრება და ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟი დაავალა.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მერია დაეხმარება ყველა უსახლკაროს და უზრუნველყოფს მათ საცხოვრებლით, მაგრამ მიწების მიტაცებას არ დაუშვებს. მან დააზუსტა, რომ თბილისში უსახლკაროს სტატუსი დაახლოებით 400 ოჯახს აქვს მინიჭებული. ამ კატეგორიის ადამიანების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამა 2022 წელს დაიწყება.