თბილისი, 16 დეკემბერი − Sputnik. 2021 წელს საქართველოში ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომელიც მიმართულია მრავალშვილიანი ოჯახებისა და იმ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ, ვისაც ახალშეძენილი შვილი ჰყავს. პროგრამით უკვე ისარგებლა 900-მდე ოჯახმა, განაცხადა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა 2021 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ მრავალშვილიანი ან ახალშობილთა ოჯახების, მარტოხელა მშობლის/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.
„ეს სტატისტიკა ყოველდღე იზრდება. ესენი არიან ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები ან ოჯახები, ვისაც ეყოლათ ახალშობილი. შედეგად თითოეულმა მათგანმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინების შეძენა ჩვენი პროგრამის დახმარებით. ეს პროგრამა ასევე დიდი დახმარებაა სამშენებლო სექტორისთვის, დეველოპმენტისთვის, რომელიც ასევე ძალიან მტკივნეულად განიცდის ფინანსურ კრიზისებს, რადგან პირველი დარტყმა მოდის ხოლმე როგორც ტურიზმზე, ასევე მშენებლობაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იყო“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
პროგრამის პირობების თანახმად, ბავშვის დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში ოჯახს შეუძლია მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს ახალი აშენებული ან ძველი აშენებული ბინა, ანდა კერძო სახლი ააშენოს.
კომერციული ბანკების მხრიდან იპოთეკური სესხების გაცემა მოხდება კერძო სახლის/ბინის შეძენა–მშენებლობისთვის მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.
ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა:
ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ერთ წლამდე შვილი;
ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი.
იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.
სესხის მაქსიმალური ოდენობა 200 ათასი ლარია.
დასაშვებია, რომ შესაძენი ბინის ან კერძო სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 ათას ლარს.
ამჟამად საქართველოს კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირებისთვის იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12,5%-ს შეადგენს. პროგრამა ერთჯერად ხასიათს ატარებს და ბენეფიციარს მასში მონაწილეობა ერთხელ შეუძლია, მიუხედავად მის მიერ აღებული სესხის ოდენობისა.