თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის დამტკიცების შესახებ დადგენილება მიიღო.
დადგენილებას მხარი დაუჭირა 76-მა დეპუტატმა, რვა კი წინააღმდეგ წავიდა.
ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარმოადგინა.
მისი თქმით, სტაბილურობის მისაღწევად ეროვნული ბანკი იყენებს მიზნობრივი ინფლაციის რეჟიმს, რომელიც ყველაზე თანამედროვე და ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს.
ინფლაციაზე გავლენების ფაქტორებზე საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის, ნავთობის და სატვირთო გადაზიდვების დოლარში გამოხატული ფასების მკვეთრი ზრდა საქართველოში იმპორტის ინფლაციაზე ახდენს გავლენას.
პროგნოზის თანახმად, მომდევნო წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, რამაც მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში ფასების კლება უკვე გაზაფხულიდან დაიწყება.
„ეროვნული ბანკი იქამდე იქნება მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი, ვიდრე ინფლაცია კვლავ არ შემცირდება. სწორედ ეს იქნება იმის გარანტი, რომ ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეული ინფლაცია პერმანენტულ ინფლაციაში არ გადავიდეს“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ამავე დროს მან აღნიშნა, რომ საჭიროების გარეშე გატარებულმა მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს.