თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში, რომლის ფიგურანტებიც არიან საქართველოს უმსხვილესი ბანკის - „თიბისი ბანკის“ (TBC Bank) დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, არ არსებობს მათი ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები, განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაფარიძე-ხაზარაძისა და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი იმართება. სახალხო დამცველი გაეცნო 33-ტომიან საქმეს და „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით საკუთარი დასკვნა წარმოადგინა.
„პრედიკატული დანაშაულის ჩადენა – ფულის გათეთრებისთვის აუცილებელია არსებობდეს (როგორც წესი, რეგულარული და არაერთგზის ჩადენილი) დანაშაული, რომლითაც პირმა „შავი ფული“ მოიპოვა. წინამდებარე საქმეში მსგავსი დანაშაულის რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის“, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
ამასთან, სახალხო დამცველში ეჭვს იწვევს ფულის უკანონო ლეგალიზაციის ის სქემაც, რასაც საქმის ფიგურანტებს ედავებიან.
„ფულის გათეთრების სქემა სამ ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად თანხა ბანკის სხვადასხვა ანგარიშებზე განთავსდება, შემდგომ მრავალი წვრილმანი გადარიცხვა სრულდება, რათა მაკონტროლებელმა ორგანოებმა აღნიშნული თანხის წარმომავლობის დადგენა ვეღარ შეძლონ, ბოლოს კი თანხა დამნაშავის საბანკო ანგარიშზე ბრუნდება. საქმის მასალების მიხედვით კი ბრალდებულებს მიღებული თანხა არ განუთავსებიათ სხვადასხვა ანგარიშებზე, არ დაუშლიათ მცირე ერთეულებად და არ განუხორციელებიათ წვრილმანი გადარიცხვები“, – ნათქვამია ანგარიშში.
ლომჯარიას თქმით, საქმეში დაფიქსირებული არ არის ბრალდებულთა ანგარიშებზე არანაირი თანხის დაბრუნება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საბრალდებო დასკვნაში აღწერილი მოქმედებები არ შეიძლება ჩაითვალოს ფულის გათეთრებად.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სასამართლოს აღნიშნულ საქმეს მისცეს ობიექტური შეფასება და გაითვალისწინოს საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა.
საქმის დეტალები
ბრალდების მხარის თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე, ნათქვამია საქმის მასალებში.
„თიბისი ბანკს“ არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
პარალელურად, „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.
სამივე ბრალდებული პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.