თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელმა სენატორებმა წამოაყენეს წინადადება, გადაეცეს უკრაინას 450 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარება და მიენიჭოს რუსეთს „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს“ სტატუსი, ნათქვამია აშშ-ის სენატის საერთაშრისო საქმეთა კომიტეტის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტს სენატორმა ჯიმ რიშმა წარუდგინა GUARD Act — „აქტი, რომელიც უკრაინის ავტონომიის გარანტიას იძლევა მისი თავდაცვის გაძლიერების გზით“. მის წინადადებას მხარი კიდევ რვა სენატორმა დაუჭირა.
„ეს კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის 450 მლრდ დოლარის უცხოურ სამხედრო დაფინანსებას 2022 წელს... განსაზღვრავს რუსეთს როგორც ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს“, — ნათქვამია რელიზში.
ასევე გათვალისწინებულია პრეზიდენტისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინის მხარდასაჭერად ყველა მის ხელთ არსებულ საშუალებას გამოიყენებს.
გარდა ამისა, სენატორებს სურთ გაამკაცრონ სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართაც.
კიევი და დასავლეთის ქვეყნები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად შფოთავენ უკრაინის საზღვართან „რუსეთის აგრესიული ქმედებების გააქტიურების“ გამო. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვი თავის ტერიტორიაზე და საკუთარი შეხედულებისამებრ ახორციელებს ჯარების გადაადგილებას, ეს არავის უქმნის საფრთხეს და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა იღებს უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, თუ მის საზღვრებთან არასტაბილური რეგიონი მდებარეობს.
გარდა ამისა, რუსეთმა არაერთხელ განაცხადა ისიც, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მხოლოდ და მხოლოდ კომერციული პროექტია, რომელიც ხელსაყრელია როგორც რუსეთის, ისე ევროკავშირისთვის, და მოუწოდა დასავლეთს, შეწყვიტოს გაზსადენის ხსენება ნებისმიერ პოლიტიკურ კონტექსტში.