„ელენე ახვლედიანი და მისი ეპოქა": თბილისში უნიკალური გამოფენა იხსნება

გამოფენა წარმოადგენს ორიგინალური პროექტის ნაწილს, რომელიც მოიაზრებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას კერძო კოლექციებში არსებული ხელოვნების ნიმუშების მიხედვით.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, „ბაია გალერეაში" 17 დეკემბერს გაიხსნება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული გამოფენა „ელენე ახვლედიანი და მისი ეპოქა".
გამოფენა ორიგინალური პროექტის ნაწილია, რომელიც გულისხმობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას კერძო კოლექციებში არსებული ხელოვნების ნიმუშების მიხედვით. პროექტი 2019 წელს ამავე „ბაია გალერეაში" დაიწყო და ეწოდება „მხატვარი და მისი ეპოქა". პროექტის თითოეული ექსპოზიცია ერთი მხატვრის შემოქმედებას და მისი საქმიანობის დროს მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული მოვლენების წარმოდგენას ეთმობა.

„საგამოფენო პროექტი „ელენე ახვლედიანი და მისი ეპოქა" მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვრის შემოქმედების კონტექსტში წარმოგვიდგენს მისი თანამედროვე არტისტების აქამდე უცნობ ნამუშევრებს, კერძო კოლექციებში დაცულ უნიკალურ მასალას, ქართული კულტურის რარიტეტებს", – ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის თანადროული სახელოვანი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც საკუთარ შედევრებს ამავე პერიოდში ქმნიდნენ: პეტრე ბლიოტკინი, გიგო გაბაშვილი, ლადო გუდიაშვილი, ფელიქს ვარლამიშვილი, კირილე ზდანევიჩი, მოსე თოიძე, დავით კაკაბაძე, ქეთევან მაღალაშვილი, პეტრე ოცხელი, კორნელი სანაძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ნიკოლაი სკლიფასოვსკი, ვერა ფაღავა, ბორის ფოგელი, დიმიტრი შევარდნაძე, ოსკარ შმერლინგი, ვასილ შუხაევი.
გამოფენა 2022 წლის 25 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.