პირველად ისტორიაში: ქართველი მოციგურავეები პეკინის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ

ქართველმა სპორტსმენებმა ლიცენზიები შვედეთში გამართულ მსოფლიოს პირველობასა და გერმანიაში ჩატარებულ საკვალიფიკაციო ტურნირზე ასპარეზობის შედეგად მოიპოვეს.
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად გუნდურ შეჯიბრებაში ქართველი მოციგურავეები მიიღებენ მონაწილეობას, ნათქვამია ციგურაობის საერთაშორისო კავშირის (ISU) განცხადებაში.
ISU-მ ოლიმპიადის გუნდური ტურნირის მონაწილეთა სია მსოფლიო რეიტინგისა და ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპებზე (2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და ობერსდორფის საკვალიფიკაციო ტურნირი) მოპოვებული ლიცენზიების რაოდენობის მიხედვით დაასახელა.
საქართველოს გარდა, ოლიმპიური პროგრამის აღნიშნულ სახეობაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, აშშ-ის, კანადის, იაპონიის, ჩინეთის, იტალიის, გერმანიის, ჩეხეთისა და უკრაინის გუნდები.
მოციგურავეთა წყვილი სინქრონულად წაიქცა – სახალისო ვიდეო
შეჯიბრებებში მონაწილეობს თითოეული ნაკრებიდან ექვს-ექვსი წარმომადგენელი – ინდივიდუალური (ქალები და მამაკაცები), წყვილები და სპორტული ცეკვები.
აღსანიშნავია, რომ ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში პირველად ქართველმა მოციგურავეებმა ლიცენზიები ოთხივე დისციპლინაში მოიპოვეს და ჯამში 1.472 ქულა დააგროვეს. პეკინში საქართველოს წარადგენენ მორის ყვითელაშვილი, ალინა ურუშაძე (ინდივიდუალური), კარინა საფინა/ლუკა ბერულავა (წყვილები) და მარია კაზაკოვა/გიორგი რევია (სპორტული ცეკვები).
2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს პეკინი 4-20 თებერვლის პერიოდში უმასპინძლებს.