როდის ამოქმედდება თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აბონემენტების სისტემა

მერია თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას დღის, კვირის, თვის, სამი თვისა და წლის აბონემენტს შესთავაზებს
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის აბონემენტების სისტემა დაახლოებით1 იანვრიდან ამოქმედდება, განუცხადეს Sputnik-ს დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში.
„ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ 1 იანვარს. მგზავრები შეძლებენ აბონემენტებით სარგებლობას ერთი დღის, ერთი კვირის, ერთი თვის, სამი თვისა და ერთი წლის განმავლობაში", - განუცხადა სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
თბილისის მეტროპოლიტენი განახლდება – მერია ახალ მატარებლებს შეიძენს
რაც შეეხება მგზავრობის ტარიფებს და აბონემენტების ღირებულებას, ეს საკითხები ჯერ კიდევ განიხილება.
„როგორც კი იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, მერი ყველაფერს გამოაცხადებს“, - განმარტეს პრესსამსახურში.
აბონემენტები მგზავრებს საშუალებას მისცემს მათი მოქმედების პერიოდში ულიმიტოდ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
დღეს თბილისში მეტროთი, ავტობუსებითა და ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა 0,5 ლარი ღირს. საათნახევარში, თუ გადახდა განხორციელდება სპეციალური ბარათით, ტრანსპორტის შეცვლისას მგზავრობა უფასოა.