თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი მოდელი ჯავშანმანქანა „დიდგორის“ გაუმჯობესებული ვერსიაა.
საქართველოში სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა და თავდაცვის ძალების აღჭურვა სამამულო სამხედრო ტექნიკით თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოში წარმოებული ჯავშანმანქანის - „დიდგორის“ ორმოცამდე ერთეული და სხვადასხვა სახის მრავალფუნქციური ჯავშანტექნიკა უწყებას პირველად 2020 წელს გადაეცა.
ჯავშანმანქანა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს თავდაცვის ძალების მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. 330 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილი სადაზვერვო ჯავშანმანქანა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან დაცვას უზრუნველყოფს და შვიდ სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი.
მანქანას მოასფალტებულ გზაზე 110 კილომეტრის განვითარება და ტექნიკურად 60 სანტიმეტრიანი თხრილის, 40 სმ სიმაღლის ვერტიკალური საფეხურის და მოუმზადებლად 80 სმ სიღრმის წყლის დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. პროექტის მიხედვით, ახალ ჯავშანმანქანაზე შესაძლებელია სხვადასხვა სადაზვერვო აღჭურვილობისა და დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულის დამონტაჟება.
სადაზვერვო მანქანის აღნიშნული მოდელი „დელტას“ ცენტრში პირველად დამზადდა. სამომავლოდ იგეგმება სადაზვერვო ჯავშანტექნიკის სერიული წარმოება და ექსპორტზე გატანა.
მომავალ წელს საქართველოს თავდაცვის ძალები „დელტას“ სამხედრო ქარხანაში წარმოებული რვა ახალი ჯავშანმანქანით შეივსება.
ახალი ჯავშანმანქანის პრეზენტაციას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მან ასევე დაათვალიერა „დელტას” მიერ წარმოებული სამხედრო უნიფორმები, სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო და ბორტსაწინააღმდეგო ნაღმები.
ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. „დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და უპილოტო საფრენი აპარატები.