ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დავითაძისთვის ეს უკვე მესამე კვარცხლბეკია მსოფლიო ჩემპიონატებზე – ის 2018 და 2019 წლებშიც ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
89 კგ-მდე წონით კატეგორიის შეჯიბრებაში დავითაძემ ჯამში 370 კგ დააგროვა (171 კგ ატაცში და 199 კგ აკვრაში).
ამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული სამხრეთ კორეის წარმომადგენელი იუ დონ ჩჟუ (371 კგ) გახდა, ვერცხლი კი უზბეკმა ძალოსანმა სარვარბეკ ზაფარჟონოვმა (371 კგ) მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ დავითაძისთვის ეს უკვე მესამე კვარცხლბეკია მსოფლიო ჩემპიონატებზე. ის 2018 და 2019 წლებშიც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია ამ ტურნირზე. რამდენიმე დღის წინ ტაშკენტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი შოთა მიშველიძე (-61 კგ) გახდა.
14 დეკემბერს 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ორი ძალოსნით იქნება წარმოდგენილი. 96 კგ-მდე წონით კატეგორიაში ირაკლი გობეჯიშვილი და ანტონ პლესნოი იასპარეზებენ.