41 მახათი და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა – აქცია პროკურატურასთან

Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურის შენობასთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია–პერფორმანსი გაიმართა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
სამოქალაქო აქტივისტები პროკურატურის შენობასთან მივიდნენ ბანერებით „თავისუფლება მიშას“ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს.
მათ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს 41 მახათი (41 „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერია) მიუტანეს და უწყება მმართველი პარტიის პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში დაადანაშაულეს.

„ამ მახათებს როგორ გამოიყენებენ არ ვიცი. ერთი რამ ცნობილია: რაც უფრო მეტ პოლიტიკურ საქმე შეკერავენ ამ დამპალი ძაფებით, მით უფრო მეტ პრემიას მიიღებენ... ჩვენ ამაზე თვალს არ დავხუჭავთ, ამას არ შევურიგდებით“, – განაცხადა ჟურნალისტებთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ევროპული მომავლის“ ხელმძღვანელმა მანანა ანდღულაძემ ჟურნალისტებთან.

სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 29 სექტემბერს არალეგალურად გადმოკვეთა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას ფაბრიკაციას უწოდებს.