თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კურორტზე გაგზავნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
12 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებულ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ცენტრ „ემპათიის“ ნევროლოგმა ოთარ ზოიძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი უცხოეთში ფსიქონევროლოგიური რეაბილიტაციის კურსის ჩატარებას საჭიროებს.
ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, მიღებული იქნას მხოლოდ სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე. სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგ დასკვნას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.
„პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად არ დგას... ყველა პატიმრის და, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლდება და, აქედან გამომდინარე, არ მგონია, საჭირო იყოს ამაზე დამატებითი კომენტარები. საზოგადოებას არ აინტერესებს მისი არც მენიუ, არც მედიკამენტების ჩამონათვალი. მისი პირადი საქმეა, თუ რას შეჭამს და რა წამლებს მიიღებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ 21 დეკემბერს, ექს-პრეზიდენტის დაბადების დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოება აქციებს მხარს არ უჭერს და დროა ოპოზიციამ „2024 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს“.
„ჩვენ აღარ გვიკვირს მსჯავრდებულ სააკაშვილის ფანტაზიები, რომელიც უკიდეგანოა. როგორც ხედავთ, მან მიტინგის გამართვა საკუთარ დაბადების დღეს გადაწყვიტა. ქართულ საზოგადოებას, ისევე, როგორც ქართულ სახელმწიფოს, აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი და ამოცანები აქვს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ 21 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია დააანონსა. მოთხოვნა უცვლელია – ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გაგზავნის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც დეკემბრის დასაწყისში ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში, ისე ციხის საავადმყოფოში დიდი დოზით ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ. აღნიშნული განცხადების ფონზე ომბუდსმენმა სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლა ექიმთა ჯგუფს დაავალა.
თავის მხრივ, სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ თავად ექს-პრეზიდენტი უცხოეთში მკურნალობის კატეგორიული წინააღმდეგია.
სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გლდანის ციხის საავადმყოფოდან 20 ნოემბერს გადაიყვანეს. როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც დაკავების შემდეგ, 1 ოქტომბერს მოათავსეს.