მსოფლიო დღეს

ტორნადო აშშ-ში: ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მანამდე ტორნადოს შედეგად ჩამოინგრა კომპანია Amazon-ის საწყობი, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა, შენობაში 50-დან 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კენტუკის შტატში, სადაც სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა ქარიშხლის შედეგად, იუწყება თეთრი სახლი.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა კენტუკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მომხდარის შედეგების აღმოსაფხვრელად და ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად ფედერალური დახმარების აღმოჩენის ბრძანება გასცა“, - ნათქვამია თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებაში.

კენტუკის შტატის გუბერნატორი ენდი ბეშირი ვარაუდობს, რომ რეგიონში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა 100 ადამიანს მიაღწიოს.
რეგიონში ქარიშხალი და ძლიერი ქარი გრძელდება.
ტორნადოს შედეგები კენტუკიში
მანამდე ტორნადოს შედეგად ჩამოინგრა კომპანია Amazon-ის საწყობი, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა, შენობაში 50-დან 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ტორნადომ გადაუარა აშშ-ის აღმოსავლეთს - ილინოისს, მისურის, არკანზასს, კენტუკის და ტენესის. არკანზასში გარდაიცვალა მოხუცებულთა სახლის ერთი ბინადარი, ტენესიში სტიქიამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
Fox News-ის მონაცემებით, უამინდობის შედეგად ტენესის და კენტუკის შტატებში ელექტროენერგიის გარეშე 200 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა.